ისრაელის ომი ტერორიზმთან

ნასრალა აფეთქებებზე: უპრეცედენტო დარტყმაა, შეიძლება ჩაითვალოს ომის გამოცხადებად

ჰასან ნასრალა
Al-Manar/AFP

ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ 19 სექტემბრის მიმართვაში აღიარა, რომ ტერორისტულმა ჯგუფმა პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებებით "დიდი და უპრეცედენტო" დარტყმა განიცადა. მისივე თქმით, თავდასხმა "შეიძლება ომის გამოცხადებად ჩაითვალოს".

ნასრალამ პირობა დადო, რომ ჰეზბოლა მოახერხებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და არ შეაჩერებს ისრაელზე თავდასხმებს.

დაუდგენელ ლოკაციაზე, წითელ ფონზე გადაღებულ საჯარო სატელევიზიო მიმართვაში ნასრალამ 17 და 18 სექტემბერს პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებებში ისრაელი დაადანაშაულა და თქვა, რომ თავდასხმა "უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტას" წარმოადგენს.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მივიღეთ უდიდესი დარტყმა უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროებში, რომელიც უპრეცედენტოა წინააღმდეგობის ისტორიაში და უპრეცედენტოა ლიბანის ისტორიაში... შესაძლოა, ეს იყოს უპრეცედენტო მთელს მსოფლიოში". - თქვა მან.

მისი თქმით, თავდასხმებმა "ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა" და "მტერი ყოველგვარ კონტროლს, კანონსა და მორალს გასცდა". მანვე დასძინა, რომ თავდასხმები "შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულებად ან ომის გამოცხადებად".

ჰეზბოლა 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, თუმცა, თავის მხრივ, ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არც აუღია და არც უარუყვია.

კომენტარები