"ევოლუშენ ჯორჯია შვედური ბიზნესის წარმატების მაგალითია" – წერს შვედეთის საელჩო შპს ევოლუშენ ჯორჯიაზე.
12 ივლისს ევოლუშენ ჯორჯიაში თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მათ კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კი მოუწოდა კომპანიას, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა დასაქმებულებთან კონსენსუსის მისაღწევად.
საელჩოს განცხადების მიხედვით, კომპანია მოქმედებს ფასეულობებით, როგორიცაა – მდგრადობა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი და მხარში მდგომი სამუშაო გარემო.
"ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამშრომლებით, ევოლუშენი თავს მიიჩნევს ქართველი მუშახელის განმანათლებლად იმ ვითარებში, როდესაც ბევრი დასაქმებული კარიერას ამ კომპანიაში იწყებს. საინტერესოა, რომ ევოლუშენ ჯორჯია თანამშრომლებს საერთაშორისო შესაძლებლობებს სთავაზობს, 100-მდე ქართველი თანამშრომელი სამუშაოდ ლატვიაში, ლიტვასა და აშშ-ში გადავიდა. თბილისის სტუდია უახლესი ტექნოლოგიებისა და კრეატიულობის ჰაბია" – წერია საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს მიხედვით, ახლახანს, შვედეთის ელჩი საქართველოში, ანა ლიბერგი ეწვია ევოლუშენის თბილისის სტუდიას.
"გაოცებული დავრჩი ცოცხალი და თანამედროვე სამუშაო გარემოთი, ყოვლისმომცველი კარიერული პროგრამებით და გენდერული თანასწორობის მიმართ კომპანიის ერთგულებით. ეს აჩვენებს შვედეთის ბიზნეს-კულტურის მთავარ ღირებულებებს" – თქვა ელჩმა.
10 აგვისტოს, ევოლუშენ ჯორჯიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ კომპანია შემცირების პროცესს იწყებს და სამსახურიდან 1 000 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევოლუშენმა მათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე გაავრცელა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ შემცირების გადაწყვეტილება "განგრძობითი ზარალის" გამო მიიღეს, რაც მათივე თქმით, გაფიცული თანამშრომლების ქმედებებმა გამოიწვია.





