აზერბაიჯანი-სომხეთი

ფაშინიანის მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელს კვლავ არ აწერს

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი

10 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აიხან გაჯიზადე სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაშინიანის სიტყვები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის "სამშვიდობო შეთანხმების" გეგმასთან დაკავშირებით "რეალობის დამახინჯებაა".

"სომეხი მაღალჩინოსნების მოწოდებები, რომ "სამშვიდობო შეთანხმების" გეგმას ხელი შეუთანხმებელი პირობების ამოღებით მოვაწეროთ, და მცდელობები, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრა შემდეგი ეტაპისთვის გადაიდოს, მიუღებელია". - განაცხადა მან.

გაჯიზადეს თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ფორმით სურს სომხურ მხარეს "სამშვიდობო შეთანხმებაზე" ხელის მოწერა, აზერბაიჯანის მთავარ მოთხოვნად რჩება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიების შეწყვეტა, რაც, აზერბაიჯანის თქმით, სომხეთის სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტებშიც არის ასახული.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი განცხადების ბოლოს სომხეთს ქვეყნის წინააღმდეგ "აგრესიული ცილისმწამებლური რიტორიკის" გაგრძელებაში სდებს ბრალს და მოუწოდებს, შეწყვიტოს განცხადებები, რომლებიც "მშვიდობის სამომავლო პერსპექტივებს აყენებს ზიანს".

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 სექტემბერს დროებითი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე საკუთარი გეგმა გაიმეორა. ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შესავალ ნაწილზე, ასევე გეგმის 16 მუხლიდან 13-ზე უკვე შეთანხმებულები არიან.

"ჩვენი შეთავაზებაა, რომ ავიღოთ ის, რაზეც ამ დროისთვის უკვე შეთანხმებულები ვართ, ხელი მოვაწეროთ, გვქონდეს ძირითადი დოკუმენტი, და შემდგომ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები დარჩენილ საკითხებზე". - განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები