აშშ-ს სანქციები

თეა გოდოლაძე: სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს აშშ-მ დაფინანსება შეუჩერა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო გუნდის სახელით, თეა გოდოლაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ზემოთაღნიშნულ სამეცნიერო გუნდსა და აშშ-ს სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგენელ უნივერსიტეტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობა 25 წელს ითვლის, თუმცა, რადგან ილიას უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ არის, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ს მთავრობამ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარიც იყო ეს გუნდი.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც ა.შ.შ.-ის მთავრობამ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით. დიახ, ჩვენი დახმარებაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 25 წლის განმავლობაში უშუალოდ აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით არაერთი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო და განავითარა რეგიონის სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგი.

"ამჟამად ვმუშაობდით სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, აშშ აფინანსებდა.

აშშ აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება;

ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინასნება გვაქვს სახელმწიფოსაგან. ჩვენ სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური, როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები.

ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა აშშ.

დღეს, საკმაოდ მძიმე რეალობაა. ჩევნი კომერციული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიმდინარე საჭიროებებს, მაგრამ საკმარისი არ არის. 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი კი არ გაგვეზარდა, ყოველწლიურად მცირდება. სეისმური სადგურის ერთი კომპლექტი 50 000 USD-ია თანმდევი ხარჯით. ეს ხომ აპარატურაა, შესაძლებელია გაფუჭდეს, ჩვენთან მოულოდნელი არაფერია, მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. ჩვენს თანამშრომელბს მწირი ბიუჯეტის გამო, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არა აქვთ.

ჩვენ არასდროს გვისაუბრია ჩვენს პრობლემებზე, ვცდილობდით პირნათლად გვემსახურა ხალხისათვის. პირველ რიგში, ჩვენ ანგარიშვალდებულნი ჩვენი ხალხის წინაშე ვართ. ვეხმარებოდით უფასოდ ყველას, როგორც შეგვეძლო.

ამჟამად ვეძებთ გზებს, როგორ გადავარჩინოთ ის, რაც წლების მანძილზე შევქმენით ჩვენს ამერიკელ პარტიონრებთან ერთად. მადლობა ჩვენს ამერიკელ კოლეგებს და ამერიკელ ხალხს საქართველოს გვერდში დგომისათვის. იმედია ეს დროებითია და სიტუაცია შეუქცევადად დამაზიანებელი არ გახდება". - წერია განცხადებაში.

კომენტარები