თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე აშშ-ს მიერ სანქცირებულ 60 პირს შორის არიან. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ. სანქცირებულებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში, ბიზნესების ხელმძღვანელები, დეზინფორმაციის გამავრცელებლები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობები, სამართალდამცველები და პარლამენტის წევრები.
ამის შესახებ საუბარია სახდეპის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს დამატებით ნაბიჯებს, რომ დაწესდეს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტ ქართველ პირსა და მათი ოჯახის წევრებზე - ვინც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ამ პირებს შორის არიან მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად; ბიზნესების ხელმძღვანელები, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში; პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ახალისებდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; სამართალდამცველები, რომლებიც ჩართული იყვნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც კრიტიკული როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონის დაწინაურებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში". - წერია სახდეპის განცხადებაში.
სახდეპის სანქციების პარალელურად, იმავე დღეს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.