აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უისკონსინის შტატში გამართულ ყრილობაზე რუსეთ-უკრაინის ომსა და ვლადიმირ პუტინზე ისაუბრა.
ტრამპი რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პუტინმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ტრამპის მეტოქეს, კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს. ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ პუტინის ამ გადაწყვეტილებით იგი "შეურაცხყოფილი" დარჩა.
"არ ვიცი თუ ნახეთ იმ დღეს, მან [პუტინმა] მხარდაჭერა კამალას გამოუცხადა. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი ამით. ნეტავ რატომ დაუჭირა მხარი მან კამალას? ის ჭადრაკის მოთამაშეა". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა მოგვიანებით დაამატა, რომ "რუსეთის მიმართ ტრამპზე უფრო ხისტი ისტორიაში არავინ ყოფილა და ადამიანი, რომელმაც ეს ყველაზე უკეთ იცის, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია".
ყრილობაზე ტრამპმა ასევე წინა თვეებში ნათქვამი განცხადებები გაიმეორა, რომელშიც ტრამპი ირწმუნება, რომ მისი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა.
"ამ ომს იქამდე დავასრულებ, მოვამთავრებ და მოვაგვარებ, სანამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თეთრ სახლამდე მივაღწევ". - თქვა ტრამპმა.