სერბეთი-კოსოვო

პროტესტის შემდეგ, კოსოვომ სერბეთთან ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა

REUTERS/Valdrin Xhemaj

კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის 7 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, სერბეთთან ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. მიზეზი კოსოვოსთან საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში სერბების მიერ მოწყობილი მიტინგი გახდა.

სერბი მომიტინგეების მცირე ჯგუფებმა გზები გადაკეტეს, კოსოვოდან გამოსული მანქანების შემოწმება დაიწყეს და მათ, ვისაც კოსოვოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები ჰქონდათ, უკან აბრუნებდნენ.

"სერბეთის ტერიტორიაზე ნიღბიანი ექსტრემისტების ჯგუფები შერჩევით და ფაშისტური მიდგომით აჩერებენ მოქალაქეებს, რომლებიც სერბეთს ტრანზიტად იყენებენ". - დაწერა კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ სვეცლამ თავის Facebook-გვერდზე.

გზებზე შეკრებილი მომიტინგეები ჩრდილოეთ კოსოვოში, ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ტერიტორიაზე პრიშტინას ბოლოდროინდელ ქმედებებს აპროტესტებდნენ. კოსოვომ ამ ტერიტორიაზე ბელგრადის მიერ მართული პარალელური დაწესებულებები დახურა.

ჩრდილოეთ კოსოვოში დაახლოებით 50 000 სერბი ცხოვრობს. ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობენ და თავიანთ დედაქალაქად ბელგრადს მიიჩნევენ.

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, სერბეთი მას სერბეთის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. ის კოსოვოს ცენტრალურ მთავრობას ეთნიკური სერბების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

კომენტარები