ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილმა მისი თანაგუნდელის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა, რადგან მისივე თქმით, ამით პარტიას წინაასარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი ეშლება.
"ჩვენი, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა, ყოველდღიურად მოქალაქეებს იმ თემებზე ვესაუბროთ, რაც მათ აწუხებთ. მაგალითად, ხელისუფლებას დისკუსიას ვთავაზობთ, რომ 350 000 პენსიონერს კაბალურ პირობებში აღებული სესხები გავუუქმოთ. მათი პასუხია: ირაკლი ეძგვერაძეს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ზონდერები თავს დაესხნენ და შემდეგ ის პოლიციამ დააკავა. ჩვენ გვინდა, დისკუსია მაღალანაზღაურებად შემოსავალზე იყოს. ჩვენი მოქალაქეები დილით რომ იღვიძებენ, ფიქრობენ, როგორ გადაიხადონ საბანკო სესხები, კომუნალური გადასახადები. როგორ მოუარონ და უშველონ საკუთარ ოჯახებს. მაგრამ, მათი პასუხია: ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავება და მათზე თავდასხმა.[...] უმნიშვნელოვანესია, ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება სწრაფად მოხდეს, იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებულია და ხელი გვეშლება". - ამბობს ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას სხვადასხვა თემაზე დისკუსიასა და დებატებს სთავაზობს.
"ჩვენი ამოცანაა, ადამიანების საჭიროებებზე ვისაუბროთ, მაგრამ მათივე ენაზე, დუშკაბინაში გამოწყობილი ივანიშვილისთვის ეს მეასეხარისხოვანია - რომ, მაგალითად, საწვავი გაძვირებულია და 3 ლარი ღირს [...] აი, ამაზე დისკუსია. როგორ დაიკლოს საწვავის ფასმა და კომუნალურმა გადასახადებმა. ოღონდ ხალხზე არ ასაუბროთ, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ. თავდასხმებს, ძალადობას. პირდაპირ ვთქვათ, რომ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილს სიძულვილის დათესვის გარდა, არაფერი გაუკეთებია [...] ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხის საჭიროებებზე დისკუსია გაიხსნას. ხელისუფლებას, ივანიშვილის ნომინალურ წარმომადგენელს, ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს ვთავაზობთ ამ თემებზე, რაც ხალხს ეხება". - თქვა ხაბეიშვილმა.
4 სექტემბერს გლდანში, ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის მიზეზით დააკავა.
შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.





