ირაკლი ეძგვერაძე

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავა

ირაკლი ეძგვერაძე

გლდანში, ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ს ცნობით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას - საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდნენ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, "რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".

ენმ მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე დაკავებულია ირაკლი ნადირაძეც.

"დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქართული ოცნება ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.

ესაა ქართული ოცნების განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას"! - წერია განცხადებაში.

კომენტარები