არჩევნები 2024

პოლიციამ დაკავებისას ეძგვერაძეზე იძალადა, აქვს ჩალურჯებები – ადვოკატი

ლაშა ტყეშელაძე / ირაკლი ეძგვერაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, გუშინ, 4 სექტემბერს ეძგვერაძეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავების დროს იძალადეს, რის გამოც პოლიტიკოსს ტანზე დალურჯებები აღენიშნება.

"ჩვენ გუშინ ვნახეთ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, ცეცხლსასროლი იარაღებით ადამიანებმა როგორ იძალადეს ირაკლი ეძგვერაძეზე, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი და გლდანის შტაბის ხელმძღვანელი. მასზე მოხდა ძალადობა და როდესაც ირაკლი მოვინახულე მას ეტყობოდა ტანზე დალურჯებები კისრის მიდამოებში და ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში.

ირაკლი ცხოვრობს გლდანში, სადაც მას შეუვარდნენ სახლში და სახლში იძალადეს. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას ან ამის შემდეგ ეთქვათ თუ სად გადაიყვანეს, ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, გამოგზავნოს მისი გამომძიებლები, რათა გამოიძიონ პოლიციის არაკანონიერი ქმედება". - თქვა ტყეშელაძემ.

4 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატთან, ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად შსს-მ პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის მიზეზით დააკავა.

შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები  ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

ირაკლი ნადირაძე მისი და ეძგვერაძის დაკავების ფაქტს პროვოკაციად აფასებს და აღნიშნავს, რომ მომხდარს კავშირი აქვს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებასთან, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, ოპოზიციის ლიდერებიც თავდასხმის რისკის ქვეშ იმყოფებიან, რათა ამით მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტაცია.

კომენტარები