საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია ცოცხალ, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რადგან ქართველი ხალხის სიძლიერეა ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობას უნარჩუნებს.
რუსეთი იწყებს ომებს, რათა აღადგინოს რუსული იმპერია და რატომ უნდა იყოს საქართველოს ინტერესებში პოლიტიკურ პარტიებზე შეტევა და მათი გაუქმება? ეს არის შეკითხვა, რომელიც მე მაწუხებს და ვერავინ გამცა პასუხი.
ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნები, მან დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა და ამისთვის არ გამხდარა საჭირო პოლიტიკური პარტიების გაუქმება, ან უცხოური აგენტების შესახებ კანონი. ასე რომ, თუ ისინი მოიგებენ - მოიგონ, მაგრამ ეს კანონი ჩანს, როგორც გაყალბების საშუალება. მე არ მგონია, რომ ეს ქართველმა ხალხმა მოიწონოს.
ამერიკელებს არ უნდათ, რომ საქართველომ დაკარგოს თავისი დემოკრატია, გახდეს კიდევ ერთი ავტორიტარიზმი და საბოლოდ დამორჩილდეს მოსკოვის ძალაუფლებას. აშშ ხშირად უშვებს შეცდომებს, მაგრამ ჩვენ არ მოგვიხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი საქართველოს პროდუქციისთვის და არც გორი დაგვიბომბავს. ეს მოსკოვმა გააკეთა და ქართველებმა ეს ამერიკელების გარეშეც მშვენივრად იციან.
[…]
ამიტომ, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის: ის, რომელიც მას ეხმარება, თუ ის, რომელმაც მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა?
მე ხშირად მესმის ქართული ოცნების წევრებისგან საუბარი "გლობალური ომის პარტიის" შესახებ. ვინ დაიწყო ომები საქართველოში? ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა რუსეთს, უკრაინა არ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე ასე, რომ ომის პარტია არის პუტინი და სწორედ მას მიაჩნია, რომ ომი არის მისი იმპერიის აღდგენის საშუალება.
ქართველები ხშირად ამბობენ რომ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ საქართველოს დასუსტება, მისი დემოკრატიის დასუსტება არ მიიყვანს ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ, არამედ მიიყვანს რუსული მმართველობისკენ.
შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვოს, შესაძლოა წააგოს და შესაძლოა, გააყალბოს არჩევნები. ამიტომ ამერიკა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები.





