რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის "რუსოფობიური" პოლიტიკის გამო, აშშ-ს 92 მოქალაქეს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა.
სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი პასუხია "ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გატარებულ რუსოფობიურ კურსზე, რომლის გაცხადებული მიზანიც მოსკოვისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა, რაც რუსი პოლიტიკოსების, ბიზნესის წარმომადგენლების, მეცნიერების, კულტურის ფიგურების, ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც მოიცავს".
რუსეთში შესვლის აკრძალვა The Wall Street Journal-ის, The Washington Post-ისა და The New York Times-ის რამდენიმე ჟურნალისტზეც ვრცელდება.
სამინისტროს თქმით, მათი სამიზნე "მოწინავე ლიბერალურ-გლობალისტური გამოცემების" რედაქციის შემადგენლობა და რეპორტიორები არიან, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ე.წ. "ფეიკების" გავრცელებაში არიან ჩართული.





