რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ინდოეთის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და ომის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდა

ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Alexandr Demyanchuk/Sputnik/AFP/Getty Images

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი უკრაინასთან ომის დროულ, მშვიდობიან გადაჭრას ემხრობა.

სატელეფონო საუბრის აღწერისას ინდოეთის პრემიერმა X-ზე დაწერა, რომ "კონფლიქტის დროული, მტკიცე და მშვიდობიანი გადაჭრის მიმართ ინდოეთის მყარი მხარდაჭერა ხელახლა გავიმეორე".

ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც 23 აგვისტოს მოდი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მოდის თქმით, იგი პუტინს რუსეთ-ინდოეთს შორის პარტნიორობის გაძლიერების გზებზე ესაუბრა, თუმცა, რუსულ მხარეს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დეტალები არ გაუვრცელებია.

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინასა და რუსეთს კონფლიქტის "მშვიდობიანი" გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.

"წინა თვეში, როდესაც რუსეთს ვესტუმრე, მე ძალიან ცხადად ვუთხარი პუტინს, რომ პრობლემები ბრძოლის ველზე ვერ გადაიჭრება. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა". - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე.

მოდის თქმით, "ორივე მხარეს მოუწევს, ერთად დასხდნენ და კრიზისიდან გამოსვლის გზები მოძებნონ".


ივლისის თვეში, მოდი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსეთში მოდის ვიზიტს ზელენსკისგან კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ "დიდი იმედგაცრუება და მშვიდობის ძალისხმევისთვის დამანგრეველი დარტყმაა, როცა ვხედავთ, როგორ ეხუტება მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ასეთ დღეს". მოდის მოსკოვში ჩასვლის დღეს რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა.

კომენტარები