Anonymous

Anonymous ოცნების მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმაზე: თავისუფლებაზე თავდასხმას არ მოვითმენთ

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება, მთავრობასა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და X-ზე წერს, რომ ხელისუფლების ავტორიტარულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დატოვებენ.

"თქვენ ჩვენი სიმტკიცე ერთხელ უკვე გამოცადეთ, როცა რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაუნდობლად ჩახშობის საპასუხოდ თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები მოვაწყვეთ. მაშინ უნდა გესწავლათ, რომ თქვენი მცდელობები, ხალხი გააჩუმოთ, უპასუხოდ არ დარჩებოდა.

ახლა თქვენი გეგმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოთ, ხელში აბსოლუტური ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობთ [...]

მაგრამ იცოდეთ: თავისუფლებაზე ამ უტიფარ თავდასხმას არ მოვითმენთ. თუ ავტორიტარულ დღის წესრიგს განაგრძობთ, ქარიშხალს გამოიწვევთ, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. სწორედ იმ სისტემებს მოვშლით, რომლებსაც ხალხის დასაჩაგრად იყენებთ. 

შესაძლოა გგონიათ, რომ დაუსჯელად მოქმედება შეგიძლიათ, მაგრამ გიყურებთ და მზად ვართ". - წერს Anonymous.

ჰაკერული დაჯგუფება ქართული ოცნების დაგეგმილ ქმედებებს ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის ხელისუფლების პოლიტიკას ადარებს და წერს, რომ ხელისუფლება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

"ეს ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის უბნელესი რეჟიმების გამოძახილია. თქვენი ქმედებები ვენესუელის მჩაგვრელ ტაქტიკებს ჰგავს, სადაც მადუროს რეჟიმმა კონტროლის შესანარჩუნებლად დემოკრატიული ინსტიტუციები მოშალა. საქართველოს დემოკრატიის ბედი ბეწვზე ჰკიდია და თქვენ დანა გიჭირავთ". - წერს Anonymous.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, "რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება, მკაფიო ჩამონათვალით უპასუხა: ენმ, ახალი, გირჩი, დროა, ლელო და გახარია - საქართველოსთვის. 

მანამდე, Anonymous X-ზე წერდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა. 

Anonymous ასევე წერდა, რომ გათიშა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქართული ოცნების და PosTV-ის ვებგვერდები.

1 მაისს მსოფლიოში უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. 

"მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ". – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში. 

კომენტარები