პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ის 8 დელეგატი წარადგინა, რომლებიც პარტიას თბილისში წარმოადგენენ.
დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნების დელეგატი მმართველი გუნდის მოქმედი დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი იქნება.
მთაწმინდა-კრწანისში ასევე მოქმედი დეპუტატი, ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი, ყოფილი მორაგბე, დავით კაჭარავა იქნება წარმოდგენილი.
ვაკის ოლქში ქართულ ოცნებას წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ზუკა რურუა წარმოადგენს.
საბურთალოზე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი იქნება წარმოდგენილი.
ნაძალადევში ქართულმა ოცნებამ საკრებულოს მოქმედი წევრი, ირაკლი ხელაძე წარადგინა.
გლდანშიც საკრებულოს მოქმედი წევრი, ლადო ბოჟაძე იქნება წარმოდგენილი.
ისანში კი ოცნების დელეგატი რაიონის მოქმედი გამგებელი, ნიკა ელისაშვილი იქნება.
სამგორში ქართულმა ოცნებამ ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი წარადგინა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დელეგატები ქართული ოცნების პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნებიან წარმოდგენილი.
იქამდე, 15 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ ის 22 დელეგატი დაასახელა, რომელიც ქართულ ოცნებას რეგიონებში წარმოადგენენ.
"შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი". - თქვა კობახიძემ.





