ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ საზავო შეთანხმებას მხარს უჭერს. ნეთანიაჰუმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.
შეხვედრა ბლინკენსა და ნეთანიაჰუს შორის სამ საათს გაგრძელდა. ნეთანიაჰუმ საჯაროდ მხარი დაუჭირა აშშ-ს მიერ შეთავაზებულ საზავო შეთანხმებას, რომელიც წინა კვირას დოჰას სამიტის შემდეგ ჰამასს წარედგინა.
"პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ისრაელის ძალისხმევას და მხარდაჭერას აშშ-ს განახლებული შეთავაზების მიმართ ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ, რაც ასევე მხედველობაში იღებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს" - ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰამასმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანთს შეხვდება.





