ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის იერიში დაგმო და მას უპატიებელი "ტერორის აქტი" უწოდა, რომელსაც მხარს ვაშინგტონი და დასავლეთი უჭერს.
ამასთანავე, ქვეყნის სამთავრობო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა გვერდში დაუდგება რუსეთს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მცდელობაში.
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია KCNA-ს თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის იერიში აშშ-ს ანტირუსული კონფრონტაციული პოლიტიკის შედეგია, რასაც ვითარება მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიჰყავს.
KCNA-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსულ ტერიტორიაზე შეიარაღებულ თავდასხმას, როგორც უპატიებელ ტერორისა და აგრესიის აქტს, ზელენსკის მარიონეტული რეჟიმის მიერ, რომელსაც აშშ და დასავლეთი მხარს უჭერს და რომელიც მათი კონტროლის ქვეშაა".
ივნისის თვეში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ფხენიანში "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რაც ასევე ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებასაც მოიცავს.





