17 აგვისტოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში ოპერაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის ძალების გავლენა რეგიონში "უფრო ძლიერდება".
"დღეს გენერალმა სირსკიმ შეგვატყობინა, რომ კურსკის რეგიონში ჩვენი წინსვლა გრძელდება. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდებულ რამეს აღწევს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ თავის პოზიციებს რუსეთის ტერიტორიაზე: "ახლა ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენი ყოფნის დასაყრდენი [კურსკში] სულ უფრო ძლიერდება".
მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ფრონტზე მებრძოლებს, რომლებსაც რუსი სამხედროები აჰყავთ ტყვედ, მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია სამომავლო გაცვლისთვის.
"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, სერჟანტს და მეთაურს, ვინც ამას უზრუნველყოფს. მე ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ დანაყოფს, რომელიც ჩვენს გავცლით ფონდს ახალი რუსი სამხედრო ტყვეებით ავსებს. ეს მნიშვნელოვანია. ეს აჩქარებს რუსეთის ტყვეობიდან სამხედრო და სამოქალაქო პირების განთავისუფლებას. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ". - თქვა ზელენსკიმ.
ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები კურსის რეგიონში წინსვლას სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით განაგრძობენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





