დასავლეთ სანაპიროს სოფელ ჯიტზე ებრაული დასახლებების მცხოვრებლების თავდასხმის დროს ერთი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ჯანდაცვის პალესტინელი მაღალჩინოსნების თქმით, კიდევ 25 პირი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 50-მდე შენიღბული ისრაელელი მოსახლე პალესტინურ სოფელში შეიჭრა, და, სულ მცირე, ოთხი სახლი და ექვსი მანქანა დაწვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მათ მომხდართან დაკავშირებით ისრაელის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ამ "მძიმე" თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო. მათი თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე გადასცეს.
ამასთანავე, IDF-ში განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს გარდაცვლილი პალესტინელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი პოლიცია და შინ ბეთიც არის ჩართული.
IDF-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ათეულობით მოსახლემ სოფელზე თავდასხმა დაიწყო, ადგილზე ჯარისკაცები და სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა თავდამსხმელების დაშლა დაიწყო.
"IDF გმობს ამ სახის ქმედებებს, ისევე როგორც არეულობის მომწყობებს, რომლებიც უსაფრთხოებას, კანონსა და წესრიგს ზიანს აყენებენ, და აიძულებენ IDF-სა და უსაფრთხოების ძალებს, ტერორიზმის ჩახშობისა და მცხოვრებლების უსაფრთხოების დაცვის მისიისგან ყურადღება გადაიტანონ". - განაცხადა IDF-მა.
მომხდარ თავდასხმას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ქვეყნის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგიც გამოეხმაურნენ და შენიღბული მოსახლეების მხრიდან ძალადობა დაგმეს.
"დავიჭერთ და გავასამართლებთ მათ, ვინც ნებისმიერი სახის დანაშაულზე არიან პასუხისმგებლები". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
თავის მხრივ, ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ინციდენტს "მტკიცედ გმობს".





