აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი სააპელაციომ განუხილველი დატოვა – RG

აფგან სადიგოვი

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს (Rights Georgia) ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებაზე სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ, დაუშვებლად ცნო უფლებები საქართველოს  სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს,  აღმკვეთი ღონისძიების სახით, საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული". - წერს ორგანიზაცია.

RG-ს თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და  საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც აჩერებს ექსტრადიციის პროცესს. 

უფლებები საქართველომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება აფგან სადიგოვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობის შესახებ და სასამართლოს ალტერნატივის სახით შესთავაზეს გირაო - 2000 ლარის ოდენობით. სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება, საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში  საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

აქამდე, 19 ივლისს, აფგან სადიგოვმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, სადიგოვსა და მის ოჯახს აზერბაიჯანში მოკვლით ემუქრებოდნენ. 

"თვითონაც აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ეს რისკები, რა თქმა უნდა არის, რომ ესქტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს (მისი განცხადებით) წამებას ან შეიძლება ლიკვიდაციაც მოხდეს". - თქვა სადიგოვის ადვოკატმა. 

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისფულებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

რაუფოღლუს თქმით,  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს. 

კომენტარები