14 აგვისტოს კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მინუშ შაფიკი უნივერსიტეტის სივრცეში ჰამას-ისრაელის ომის გარშემო არეულობის გამო თანამდებობიდან გადადგა. ეს სუროს ლიგის (Ivy League) უნივერსიტეტის პრეზიდენტის გადადგომის მეოთხე შემთხვევაა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ.
კოლუმბიის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში ისრაელის საწინააღმდეგო პროტესტების ეპიცენტრი იყო. მინუშ შაფიკს აკრიტიკებდნენ პოლიტიკის გამო, როგორც ის მართავდა აღნიშნულ პროტესტს და მთელ პროცესს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე. კონგრესმენების ნაწილი მინუშ შაფაკზე წერს, რომ მან უნივერსიტეტში ვერ მოახერხა ებრაელი სტუდენტების დაცვა.
"ეს იყო არეულობის პერიოდი, სადაც რთული იყო ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობრივი შეხედულებების დაძლევა" - დაწერა მინუშ შაფიკმა.
შაფიკის თქმით, ის ზაფხულის განმავლობაში ფიქრობდა მიმდინარე პროცესებზე და მისი აზრით, თანამდებობის დატოვება ყველაზე უკეთ მისცემს შანსს კოლუმბიის უნივერსიტეტს გადალახოს ეს გამოწვევები.
რამდენიმე თვის წინ კონგრესში მინუშ შაფიკის მოსმენა გაიმართა უნივერსიტეტში არსებული ანტისემიტიზმის შესახებ. მოსმენის ფონზე კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტებმა საპროტესტო ბანაკი გაშალეს და ზოგიერთმა აქტივისტმა უნივერსიტეტის ტერიტორია ძალადობრივად დაიკავა. მოგვიანებით პოლიციამ მასშტაბური ოპერაციით აღნიშნული ბანაკი დაშალა და ათობით სტუდენტი დააკავა.
კამპუსებში გაღვივებული ანტისემიტიზმის გამო თანამდებობები ასევე დატოვეს პენსილვანიის, ჰარვარდის და კორნელის უნივერსიტეტების პრეზიდენტებმა.
გასულ კვირას კოლუმბიის უნივერსიტეტის სამი დეკანი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ მათ კამპუსში ანტისემიტიზმის შესახებ გასამართი პანელური დისკურსიის ებრაელი მომხსენებლების შესახებ უპატივცემულო ელექტრონული წერილები გააგზავნეს.