ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 14 აგვისტოს აფრიკაში მიმდინარე მაიმუნის ყვავილის (Mpox) ეპიდემია ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
იმის ფონზე, რომ ვირუსის ახალმა მომაკვდინებელმა შტამმა, clade Ib-მ, აფრიკის ოთხ, აქამდე ვირუსით ხელუხლებელ, პროვინციამდე მიაღწია, WHO-მ მაიმუნის ყვავილის საკითხზე საგანგებო კომიტეტი მოიწვია. აქამდე ეს შტამი მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გვხვდებოდა.
კომიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორთან ეპიდემიის სიმძიმის და საფრთხის განსახილველად ერთმანეთს ვირტუალურად ოთხშაბათს შეხვდნენ. ამ კონსულტაციის დასრულების შემდეგ, WHO-ს დირექტორმა საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით განგაშის უმაღლესი დონე, გამოაცხადა. ასევე ვირუსის გავრცელებას მიენიჭა PHEIC სტატუსი, რომელსაც WHO "განსაკუთრებულ შემთხვევებს" ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ვითარება საფრთხეს სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ ჯანმრთელობასაც უქმნის. ორგანიზაციის თქმით, ამ ეპიდემიებს შეიძლება კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება დასჭირდეს.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, ამ წლის დასაწყისიდან 17 000-ზე მეტი გავრცელების და 500-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა აფრიკის 13 ქვეყანაში, რაც ამ დაავადებას ავტომატურად "ძალიან მაღალი რისკის მოვლენად" აკლასიფიცირებს.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ეპიდემია კონტინენტური უსაფრთხოების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად წინა დღეს, 13 აგვისტოს გამოაცხადა (რაც სააგენტოსთვის მისი დაარსების დღიდან, 2017 წლიდან, პირველი მსგავსი შინაარსის განცხადებაა).
Mpox, ცნობილი როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ადამიანს ვირუსი ასევე გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა 2022 წელსაც გამოაცხადა.
ორგანიზაციის გადაწყვეტილება მსოფლიოში ზემოხსენებული ვირუსით ინფიცირებების შემთხვევების ზრდას უკავშირდებოდა. WHO-მ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება ვირუსის შესახებ მოწვეული სპეციალური კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.





