მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ტრამპი: აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ტრამპმა დღეს, 29 მაისს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნაცვლად, ქვეყანა მსოფლიოში არსებულ სხვა ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციებს დააფინანებს. 

"დღეს მსოფლიო ჩინეთის მთავრობის ბოროტმოქმედების გამო იტანჯება", - ამბობს ტრამპი. 

ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს, რომელმაც, მისივე სიტყვებით, 100 000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა. მისივე თქმით, ჩინეთმა მსოფლიოს შეცდომაში შეყვანის მიზნით WHO-ზე ზეწოლა მოახდინა. 

"უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელ მსოფლიოში დიდი ეკონომიკური ზიანი გამოიწვია", - თქვა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე. 

აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე განცხადება 15 აპრილს გააკეთა. დონალდ ტრამპი ორგანიზაციას ფუნქციების სათანადოდ არშესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისივე სიტყვებით, ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთის ხელისუფლების დეზინფორმაციას გადაუმოწმებლად ენდობოდა. 

28 აპრილს ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლიდა. ამასთან, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თქვა, რომ აშშ-ის მოსაზრებით, ოფიციალურმა პეკინმა ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაამჟღავნა და დამალა, რამდენად საშიში იყო ის.  

მანამდე, 22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მისურის შტატი ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიის გამო უჩივის. სარჩელი ფედერალურ სასამართლოში შტატის გენერალურმა პროკურორმა შეიტანა. ერიკ შმიტი ამბობს, რომ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის საფრთხის შესახებ იცრუა და საკმარისი არ გააკეთა მისი გავრცელების სისწრაფის შესაჩერებლად. 

როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები