ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასის თქმით, ერთი მძევალი მოკლეს, ხოლო ორი მძევალი მძიმედ დაჭრეს

Reuters

ჰამასის სამხედრო ფრთის ცნობით, ღაზაში მათერთი მძევალი მოკლეს, ხოლო ორი ქალი მძევალი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ ჰამასის სამხდრო ფრთის, ალ-კასამის ბრიგადის პრესსპიკერმა აბუ უბაიდამ გაავრცელა

ჰამასის ცნობით, მამაკაცი მძევლის მკვლელობა და ორი ქალი მძევლის დაჭრა სხვადასხვა ინცინდენტებია და ცალ-ცალკე მოხდა. აბუ უბაიდას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მძევლებზეა საუბარი. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დაჭრილი მძევლების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი დაზვერვის სამსახური არ ფლობს არანაირ ინფორმაციას, რაც ამ ცნობას დაადასტურებდა ან უარყოფდა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰამასმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელელი მძევლები ჰამასის წევრებმა მოკლეს. აქამდე, ჰამასის წარმომადგენლები მძევლების სიკვდილს ისრაელის საჰაერო თავდასხმებს აბრალებდნენ. დაახლოებით 110 ისრაელელი მძევალი დღემდე ღაზაში, ჰამასის ტყვეობაში იმყოფება. აქედან, დაახლოებით 40, დიდი ალბათობით, გარდაცვლილია. 

 

კომენტარები