დღეს, 9 აგვისტოს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ უკრაინას დამატებით 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
დახმარების ახალი ტრანში უკრაინას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადაეცემა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე აშშ-ს არსებული მარაგის შემცირებასა და შემცირებული აღჭურვილობით მოკავშირეთა მომარაგებას ითვალისწინებს.
ახალი პაკეტით გათვალისწინებულ აღჭურვილობაში, მათ შორის, HIMARS-ის სისტემის საბრძოლო მასალა, Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და Stinger-ის რაკეტები შედის.
გადასაცემ დანადგარებს შორის არის:
- Stinger-ის ტიპის რაკეტები;
- HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა;
- 155 და 105-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
- მრავალდანიშნულებიანი რადარები;
- TOW-ის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები;
- Javelin-ისა და AT-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
- HMMWV-ს ტიპის მაღალმობილური მრავალმიზნობრივი მანქანები;
- მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები;
- ასაფეთქებელი აღჭურვილობა და საბრძოლო საშუალებები;
- სათადარიგო ნაწილები და დამხმარე აღჭურვილობა, მომსახურება, წვრთნები და ტრანსპორტირება.
"შეერთებული შტატები დაახლოებით 50 წევრ ქვეყანასთან და ალიანსის პარტნიორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაცი დამცველები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი საშუალებებით მოამარაგოს". - წერია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.





