ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 აგვისტოს ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის გამო კიდევ ერთი, მესამე პირი დააკავეს. ეჭვმიტანილი 18 წლის ერაყის მოქალაქეა. ავსტრიის შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო ტერორისტი და უფრო ადრე დაკავებული მთავარი ეჭვმიტანილი, 19 წლის ავსტრიელი, ერთი წრიდან არიან.
როგორც გახდა ცნობილი, მთავარი ეჭვმიტანილი, 19 წლის ავსტრიელი, რომელსაც ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინაშე ერთგულების ფიცი აქვს დადებული, ვენის ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე ტეილორ სვიფტის კონცერტის მიმდინარეობისას სუიციდური ტერორისტული აქტის ჩადენას გეგმავდა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის ცნობით, ერაყის 18 წლის მოქალაქე ავსტრიის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის მთავარ ეჭვმიტანილს დაუკავშირდა.
სამინისტროს თქმით, იგეგმება უფრო მეტი ადამიანის დაკითხვა, რადგან სტადიონის ირგვლივ ტერიტორიაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ტეილორ სვიფტის ვენაში დაგეგმილი სამივე კონცერტი გაუქმდა.