ტეილორ სვიფტი

სვიფტის კონცერტზე ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილს ალ-კაიდასთან დაკავშირებული მასალა უპოვეს

ფოტო:Robin Van Lonkhuijsen / ANP MAG / ANP via AFP

ვენაში პოლიციამ ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვის გამო დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის სახლში ე.წ ისლამური სახელმწიფოსა და ალ-კაიდას ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული მასალა იპოვა.

ავსტრიის უსაფრთხოების ორგანოების ცნობით, მეორე ეჭვმიტანილი, 17 წლის თურქული და ხორვატიული წარმოშობის ავსტრიის მოქალაქეა. ის პოლიციის სპეცრაზმმა დააკავა სტადიონთან, სადაც კონცერტის გამართვა იგეგმებოდა. მეორე დაკავებული ავსტრიის მოქალაქე 19 წლის კაცია. 19 წლის ეჭვმიტანილმა 2024 წლის ივლისის დასაწყისში ისლამის ერთგულების ფიცი დადო. როგორც ცნობილია, 19 წლის ეჭვმიტანილის სახლში ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომელიც ამჟამად მოწმდება საგამოძიებო სამსახურის მიერ. 

მეორე ეჭვმიტანილი რამდენიმე დღის წინ კონცერტების დროს მომსახურების გაწევის ერთ-ერთმა კომპანიამ დაასაქმა. გამომძიებელთა თქმით, სწორედ მის სახლში იქნა აღმოჩენილი ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან და ალ-კაიდასთან დაკავშირებული ვრცელი მასალები.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის თქმით, ამ ორი დაკავებული ეჭვმიტანილის გარდა სხვა პირები აღარ იძებნებიან. ეჭვმიტანილთა ვინაობა ავსტრიის კონფიდენციალურობის წესების შესაბამისადაა დაცული.

"სიტუაცია საკმაოდ სერიოზული იყო, მდგომარეობაც სერიოზულია,მაგრამ ჩვენ ასევე ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრაგედია თავიდან ავირიდეთ". - თქვა კარნერმა.

ავსტრიის უშიშროების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ორ ახალგაზრდას ადამიანებზე სტადიონის გარეთ თავდასხმა სურდათ: რაც შეიძლება მეტი ადამიანის დანებით ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით მოკვლა.

 ავსტრიის უშიშროების წარმომადგენლების ცნობით, 19 წლის ავსტრიელმა ეჭვმიტანილმა სრულიად აღიარა დაგეგმილი თავდასხმის გეგმები. როგორც უშიშროების წარმომადგენლები იუწყებიან, „ ის აშკარად ისლამური სახელმწიფოს გავლენით სრულიად რადიკალისტულია და თვლის, რომ ურწმუნოების მოკვლა სწორია“.

კომენტარები