ვენაში პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც ტეილორ სვიფტის კონცერტებზე თავდასხმას გეგმავდა. პოლიციის ცნობით, დაკავებული პირები კონცერტზე ჯიჰადისტურ ტერორისტულ თავდასხმას აპირებდნენ. ტერორიზმის საფრთხის გამო ტეილორ სვიფტის ვენაში დაგეგმილი კონცერტები გაუქმებულია.
ავსტრიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ფრანც რუფმა თქვა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ავსტრიის მოქალაქე 19 წლის კაცია. მისი თქმით, 19 წლის ეჭვმიტანილმა 2024 წლის ივლისის დასაწყისში ისლამის ერთგულების ფიცი დადო. როგორც ცნობილია, 19 წლის ეჭვმიტანილის სახლში ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომელიც ამჟამად მოწმდება საგამოძიებო სამსახურის მიერ.
"გამოძიების ბოლოდროინდელი ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი ინტერნეტში რადიკალიზდა" - თქვა ფრანც რუფმა.
ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტები 8, 9 და 10 აგვისტოს იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ, კონცერტებზე დასწრებას დაახლოებით 65 000 ადამიანი აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტის გარდა სხვა დიდ ღონისძიებებზეც სურდათ თავდასხმა.