ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებას ორგანიზაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობა - თანახმად საერთაშორისო სამართლით დადგენილი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპისა - და უზრუნველყოს იგი და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით, თუ ისინი ამას მოითხოვენ. ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის [სადიგოვს] და იგი მისი უფლებების დარღვევის, მათ შორის, წამების, უკანონო დაკავების და არასამართლიანი სასამართლო პროცესის რისკის წინაშე აღმოჩნდება. სადიგოვის საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის გაქრობის მცდელობების ტენდენციას აგრძელებს, რაც [ბაქოში დაგეგმილ] მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP-29) წინ კიდევ უფრო გაძლიერდა". - მიმართავს Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას.
ორგანიზაცია განცხადებაში ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მთავრობის კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის დაპატიმრებული, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ "თავიანთი გამოხატვის უფლების გამოყენებისთვის" დააკავეს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აფგან სადიგოვი 2024 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
აქამდე, 19 ივლისს, აფგან სადიგოვმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, სადიგოვსა და მის ოჯახს აზერბაიჯანში მოკვლით ემუქრებოდნენ.
"თვითონაც აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ეს რისკები, რა თქმა უნდა არის, რომ ესქტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს (მისი განცხადებით) წამებას ან შეიძლება ლიკვიდაციაც მოხდეს". - თქვა სადიგოვის ადვოკატმა.





