ვენესუელა

EU-ს 7 ქვეყანა ვენესუელის მთავრობას არჩევნების ხმების საბოლოო ანგარიშის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

AFP

ევროკავშირის წევრი შვიდი სახელმწიფოს ლიდერებმა ვენესუელის ხელისუფლებას 28 ივლისს ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემაჯამებელი ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ მათი ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებს გაეგზავნათ.

"ვენესუელის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სიმყარის გარანტირებისთვის კენჭისყრის შემაჯამებელი ყველა ოქმი დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს“. - წერია განცხადებაში.

EU-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე აღშფოთებას გამოხატავენ და ვენესუელების, „განსაკუთრებით კი პოლიტიკური ლიდერების“, წინააღმდეგ „ნებისმიერ მუქარას ან დაკავებას მტკიცედ გმობენ“.

განცხადებას ხელს აწერენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და პორტუგალიის პრემიერი ლუის მონტენეგრო.  


ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა

ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა

ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

31 ივლისს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო.

მოგვიანებით, აშშ-მ არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი, გონსალესი აღიარა.

კომენტარები