4 აგვისტოს, გვიან ღამით ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 30 რაკეტა გაისროლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა "რკინის გუმბათის" საშუალებით განეიტრალდა, ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ხოლო ერთი სოფელ ბეით-ჰილელში ჩამოვარდა.
იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე არსებულ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურასა და ბაზებზე მიიტანეს, რომლიდანაც ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
28 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გასულ წელს დაწყებული ახალი ესკალაციის ფონზე, ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის იერიშს მოჰყვა. სავარაუდოა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრება.
რეგიონში არსებული დაძაბულობისა და მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის გამო, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის მთავრობებმა თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დატოვების შესახებ მოუწოდეს.





