"შევქმენით ახალი კოალიცია, რომელიც არის შესაძლებლობა ნამდვილი ცვლილებებისთვის" - მამუკა ხაზარაძემ, ანა დოლიძემ და ლევან ცუცქირიძემ "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო კამპანია გახსნეს.
"ჩვენ ორი კვირის წინ შევქმენით ახალი კოალიცია, რომელიც არის შესაძლებლობა ნამდვილი ცვლილებებისთვის. კოალიცია, რომელიც არის დაკომპლექტებული და შედგენილი ახალი თაობით და იმ ახალგაზრდებით, რომლებსაც აქვთ ძალიან სუფთა წარსული, რეპუტაცია. საქართველოს არ სჭირდება ძველი, ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი პოლიტიკოსების დაბრუნება.
[...] ჩვენ გთავაზობთ რეალურ ალტერნატივას, რომელიც ამ ქვეყანას თქვენთან, ამ ახალგაზრდებთან ერთად შექმნის ძლიერ საქართველოს - ეს არის სახელი იმ კოალიციის, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს" - თქვა ხაზარაძემ.
სააღჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ანა დოლიძემ თქვა, რომ ორი ძალის ალტერნატივა "ძლიერი საქართველო" იქნება.
"როდესაც 2012 წელს აქ, ამ ქუჩებში, ამ ქვეყანაში ჩვენ დავდიოდით და ვითხოვდით ხელისუფლების ცვლილებას, ვიღაცას მოეჩვენა, რომ ჩვენ გვინდოდა მხოლოდ და მხოლოდ სახელების და გვარების გამოცვლა. არადა ჩვენ ვითხოვდით და გვქონდა ერთი ამოცანა და ეს ამოცანა იყო "სისტემა უნდა დაინგრეს!”
[...] იმის მაგივრად, რომ სისტემა დანგრეულიყო, სისტემა შეიცვალა, ადაპტირდა, გაძლიერდა და უბრალოდ ახალი პატრონი იპოვა. ქვეყანას 20 წლის განმავლობაში მართავდა და მართავს ორი ძალა, რომელმაც თქვენ და ჩვენ დაგვღალა; რომელმაც ძალიან ბევრი რამე გვაწყენინა, დაგვიშავა, გვატკინა და იმედი გაგვიცრუა! ძალიან დიდი ხანია თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ეძებთ (და ჩვენ გვესმის ეს ხმა) ამ ორი ძალის ალტერნატივას. მე ვამაყობ რომ ეს ალტერნატივა დღეს თქვენ წინაშეა" - თქვა დოლიძემ.
ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
გაერთიანებაში ასევე შევიდნენ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.





