არჩევნები 2024

ლელო, ანა დოლიძის პარტია და მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ

ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

"ახლა და აქ, ევროპის მოედანზე იწყება ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ერთობა ევროპისთვის. ახლა და აქ, იწყება ახალი ძალის ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსების ერთობის დაანონსება და ბრძოლის წამოწყება, რა პროცესშიც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი" - აცხადებს ლელოს ერთერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

თავისუფლების მოედნის წევრის, ნინი შენგელიას თქმით, პოზიტიური ცვლილებების დროა.

"ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ საგარეო კურსი შეცვალა ნეგატიურისკენ, ამას ვერ შევეგუებით, ვერ გავუშვებთ ხელიდან იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, ეს არის დიდი ევროპის ოჯახში ჩვენი ადგილის დამკვიდრება... მე ვარ ადამიანი, რომელიც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა, ისევე როგორც ჩემი თანამებრძოლები, ამ ბრძოლაში გავიცანი ბევრი ადამიანი, ჩვენ ვერთიანდებით ერთი იდეის ირგვლივ, ეს იდეა არის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, ძლიერი საქართველო, ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა" - აღნიშნა შენგელიამ.

პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, სამი თვის წინ, "რიყეზე შეკრებილმა სამასი ათასმა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება - შეცვალეთ ხელისუფლება იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოო დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი". მისი შეფასებით, "დღეს ჩვენ გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად" და ეს ნაბიჯი არის ძალების გაერთიანება.

"სკოლაში რომ დამყავდა დედაჩემი იმის მოწმედ, რომ დავალებებს ვასრულებ, დღეს დედაჩემი აქ მოვიყვანე" - თქვა ანა დოლიძემ.

გაერთიანებაში ასევე შევიდნენ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

"უღრმესი მადლობა ნდობისთვის. ყველაზე მთავარი დღესაა ერთიანობა, სწორედ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ვფიქრობ, ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და პირველ რიგში, ჩვენი ამბიცია უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვდგები თქვენს გვერდით, რათა ჩემი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი ჩვენს ევროპულ ოჯახში" - თქვა უშიკიშვილმა. 

კომენტარები