აშშ-საქართველო

პატელი საქართველოსა და აშშ-ზე: ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახლა გამორჩეულად რთულ ვითარებაშია

ფოტო ბრიფინგის ტრანსლაციიდან

აშშ-ს დეპარტამენტის 31 ივლისის პრესბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ფულადი დახმარების შეწყვეტაზე ისაუბრა. პატელის თქმით, აშშ-მ ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ისეთი ცრუ განცხადებების გამო გადადგა, რომლებიც საქართველოს პროდემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებთან თანხვედრაში არ მოდის.

პატელმა ასევე ქართველი ხალხის პროევროპულ განწყობებს და სურვილებს გაუსვა ხაზი: "გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80%-ის სურვილია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, თუმცა საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის, მის პარტნიორებსა და მოკავშირეებზე დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მისი მოქალაქეების პროევროპული მისწრაფებებისგან სულ უფრო აშორებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული და ევროინტეგრაციის გზისკენ მობრუნების, უცხოეთის გავლენის აგენტების კანონის გაუქმებით, სხვა საეჭვო კანონებისა და დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით და საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის დაშვებით მიწოდებას. ეს ქმედებები პირდაპირპროპორციული იქნება აშშ-გან, როგორც დემოკრატიული პარტნიორისგან, მხარდაჭერის მიღებისა.

იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ჩვენი ორმხრივი კავშირები გამორჩეულად რთულ ვითარებაშია, აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებებისადმი აბსოლუტურად მდგრადია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობისათვის სასარგებლო პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით... ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი საჭირო და დამატებითი ქმედება". - თქვა პატელმა.

ქართული ოცნების მხრიდან ცრუ პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრესსპიკერის მოადგილემ უპასუხა, რომ შეჩერებული იქნება კონკრეტულად ქართული ოცნების ფულადი დახმარებისთვის განკუთვნილი პროგრამა. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, მათი შეფასება და გადახედვა გაგრძელდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს და საჭირო რესურსები კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცეს.

პატელის თქმით, აშშ ნებისმიერი საჭირო ქმედების განოხრციელებისა და პოლიტიკის გადახედვისთვის მზადაა.

კომენტარები