საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ხვალ, 29 ივლისს შეიტანს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თამარ კორძაია.
IPN-ის ცნობით, სარჩელს ხელს 32 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს და ისინი სასამართლოსგან რუსული კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვენ.
სარჩელზე ხელმომწერებს შორის არ იქნებიან გირჩის წევრები. იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ოპტიმიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, გასაკვირია.
"არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. როდესაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვენდოთ ამ სასამართლოს, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს" - თქვა ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში 18 ივლისს მიიღო.
17 ივლისს, რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 121-მა NGO-მ და მედიაორგანიზაციამ.





