დღეს, 25 ივლისს, კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროა-ს გამართულ ბრიფინგზე, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე ისაუბრეს.
პარტია დროა-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს ეუბნება მათ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც საკონსულო აღრიცხვასა და სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას მოიაზრებს.
"უკვე თვეებია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს გვეუბნება ჩვენც და ქართველ ემიგრანტებსაც, სტატისტიკური მონაცემების მიწოდებაზე, სად რამდენი ადამიანი დგას საკონსულო აღრიცხვაზე.
ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკური მონაცემი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაცია, სად უნდა მოითხოვონ ემიგრანტებმა უბნების გახსნა, სად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ უბნების გახსნა, ეს არის დამოკიდებული სწორედ ამ სტატისტიკაზე და საგარეო საქმეთა სამინისტრო არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, როცა არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას.
მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტეთ კანონის დარღვევა, გაეცით პასუხი ქართველ ემიგრანტებს მათ კორესპონდენციებზე, გაგვეცით პასუხი ჩვენ, ჩვენს წერილებზე იმიტომ, რომ თქვენ ყოველდღიურად არღვევთ საქართველოს კანონმდებლობას.
აქვე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დროულად დაიწყოს საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურა და შეატყობინოს ამის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც ელოდება უბნების გახსნას.
ბოლოს, მინდა მივმართო ქართველ ემიგრანტებს. კოალიცია ცვლილებისთვის ვართ თქვენს გვერდით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ თვეებით ადრე თქვენთან ერთად და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი, მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად". - თქვა ლემონჯავამ.
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გირჩი-დროა-ს ერთობლივმა პროექტმა, რომელიც გულისხმობს საარჩევნო უბნების გახსნას ქართველი ემიგრანტების მაღალი კონცენტრაციის მქონე ქალაქებში, უკვე 90-ზე მეტ ქალაქში შეაგროვა ხელმოწერა, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნიუს პორტალ Jam News-ის ჩატარებული კვლევით, ცესკო-ს ოთხმოცდაათივე ქალაქში საარჩევნო უბნების გასახსნელად, წლიური ბიუჯეტის 0.8% დასჭირდება, რაც მისი თქმით, არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯს არ წარმოადგენს.
"90-ზე მეტ ქალაქში გროვდება უკვე ხელმოწერები და დაახლოებით, 40-მდე ქალაქია, სადაც უკვე შეგროვდა 50-ზე მეტი ხელმოწერა და გადაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროში და ცესკო-ში.
ნიუს პორტალმა JAM NEWS-მა დათვალა, რომ 90-ვე ქალაქში რომ გახსნას ცესკომ საარჩევნო უბნები, ჯამში ეს ცესკო-ს წლევანდელი ბიუჯეტის 0.8% იქნება - არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებზე არ არის საუბარი და სინამდვილეში, ძალიან მარტივად გაკეთებადია, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს". - თქვა ჯაფარიძემ
ჯაფარიძის თქმით, შეგროვებული ხელმოწერები ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადაეგზავნება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და დააკვირდება მის მსვლელობის პროცესს.





