აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართველი ხალხის აქტი, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებასა და სამოქალაქო საზოგადოების, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს, აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესწორების სახით წარადგინა.
"ქალბატონმა შაჰინმა წარადგინა ცვლილება ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედორ საქმიანობისთვის, სამხედრო მშენებლობისთვის და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობისთვის დაფინანსებას გამოყოფს". - წერია სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის კანონპროექტში, ქართველი ხალხის აქტშია ნათქვამი, მისი მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დაბლოკეს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც მხარს უჭერდა რუსული კანონის დაწინაურებასა და მის მიღებას, ასევე ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ასევე, სანქციების სამიზნე გახდებიან პირები, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაარღვიეს ადამიანთა უფლებები.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აშშ-მ შესაძლოა შეწყვიტოს საქართველოს სამხედრო და მატერიალური დახმარება, შეჩერდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგი.
მთავრობის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესების საპასუხოდ კანონპროექტის მეორე ნაწილი ეხება საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რისთვისაც გამოყოფილი იქნება, სულ მცირე, 50 მილიონი დოლარი. ამას გარდა, კანონპროექტის მიხედვით უნდა მომზადდეს ორი ანგარიში, რომელთაგან ერთი საქართველოში მავნე უცხოურ გავლენებს, მეორე კი პოლიტპატიმრების საკითხს შეეხება.





