ნიუ იორკის ფედერალურმა პროკურატურამ დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი კორუფციის საქმეში დამნაშავედ ცნო. ნიუჯერსელი სენატორი ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.
თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა სენატორი დამნაშავედ თექვსმეტივე ბრალდებაში ცნო.
სენატორი ასიათასობით დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის, ოქროს ზოდებისა და იპოთეკის გადახდის სახით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. მასთან ერთად დამნაშავედ ცნეს სამი ბიზნესმენი ნიუ ჯერსიდან. მენენდესი ფულს ეგვიპტისა და კატარის მთავრობის სასარგებლოდ იღებდა.
სენატორის ადვოკატის თქმით, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება სამწუხაროა და გასაჩივრებას აპირებენ. პროცესის შემდეგ მენენდესი ირწმუნებოდა, რომ მას ფიცი არასდროს დაურღვევია.
მენენდესს სენატში მოხვედრა კვლავ სურდა, ამჯერად დამოუკიდებელი კანდიდატის სახით, თუმცა პროკურატურის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მისი პოლიტიკური კარიერა დაასრულოს. მას თანაგუნდელი დემოკრატები უკვე მოუწოდებენ, რომ სენატორის პოსტი დატოვოს.
ახლა ნიუ-იორკის საოლქო ფედერალური სასამართლოს უზენაესი მოსამართლის, სიდნი სტეინის გადასაწყვეტია, თუ რა სახის სასჯელი ელის 70 წლის სენატორს. განაჩენის გამოტანა 29 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მენენდესს თავისუფლების 10 წელზე მეტი ხნით აღკვეთა ემუქრება.
პროკურორებმა დემოკრატ სენატორს ბრალდება ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში წაუყენეს. საუბარი იყო მექრთამეობის სქემაზე, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ჩართული იყვნენ მენენდესი და მისი ცოლი, ამას გარდა კიდევ სამი ბიზნესმენი ნიუ ჯერსიდან. ბიზნესმენები ვეილ ვილ ჰანა და ფრედ დაიბე მსაჯულებმა ასევე დამნაშავედ ცნეს, რაც შეეხება მესამე ბიზნესმენს, ხოსე ურიბესს, მან საპროცესო გარიგება დადო და მენენდესის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა მენენდესს მოუწოდა, რომ პოზიცია დაეტოვებინა.
მსაჯულებს მენენდესი დახასიათებული ჰყავდათ როგორც სენატორი, რომელიც სარგებლის მიღების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. მათი შეფასებით, ის ძალაუფლებასა და გავლენას იყენებდა საკუთარი თანამზრახველებისა და ეგვიპტისა და კატარის მთავრობების სასარგებლოდ, სანაცვლოდ კი იღებდა ნაღდ ფულს, ოქროს ზოდებს, მერსედესის მარკის მანქანას საკუთარი ცოლი ნადინ მენენდესისთვის და ა.შ. ნადინ მენენდესი ასევე დამნაშავედ ცნეს, თუმცა ის პროცესს ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ დაესწრო - მას კიბო სჭირს.
მენენდესი ბრალდებას უარყოფს და უარს ამბობს გადადგომაზე. მისი მტკიცებით, ის საქმის სამიზნე კუბური წარმომავლობის გამო გახდა და თქვა, რომ მსაჯულების მასზე "ნადირობენ".
შარშან ფედერალურმა აგენტებმა სენატორის სახლის ჩხრეკის დროს 480 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული აღმოაჩინეს. ფულის დიდი ნაწილი კონვერტებში იყო "ჩატენილი და ტანსაცმელში, სეიფსა და კარადებში იყო შენახული". გარდა ამისა, გამომძიებლებმა სენატორის ავტოფარეხში ძვირადღირებული მანქანა და 100 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები იპოვეს.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მენენდესი, რომელიც წარსულში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ეგვიპტეს საიდუმლოდ ეხმარებოდა. კერძოდ, სენატორმა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი დაარასაჯარო ინფორმაცია ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებს გადასცა. გარდა ამისა, მან საიდუმლოდ დაწერა წერილი, რომელშიც სხვა ამერიკელ სენატორებს მათი ქვეყნის დასახმარებლად 300 მილიონი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდებდა.
ამავდროულად, პროკურატურის ვერსიით, მენენდესმა და მისმა ცოლმა ქრთამის სახით აიღეს ასობით ათასი დოლარი სამი ნიუჯერსელი ბიზნესპარტნიორისგან: ვაელ ჰანასგან, ხოსე ურიბესგან და ფრედ დაიბესგან. სანაცვლოდ კი მენენდესი საკუთარ გავლენას იყენებდა ნიუ ჯერსის ოლქის პროკურორის პოსტზე ფილიპ სელინჯერის ნომინირებისთვის, რადგან სჯეროდა, რომ სელინჯერზე გავლენის მოხდენას შეძლებდა და ამ გზით დაიცავდა ფრედ დაიბესს, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სელინჯერი დანაშაულში ბრალდებული არ არის.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მენენდესს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში სენატორი კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულზე ბრალდებული მეორედ გახდა. 2015 წელს მას ბრალი წაუყენეს მდიდარი ფლორიდელი თვალის ექიმისგან ქრთამის აღებისთვის.