ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზზე დაყრდნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელიც 46.1 მილიონ ევროს წარმოადგენს. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ევროკავშირის მიერ საჯარო სექტორისთვის 2019-2024 წლებში გამოყოფილი 517 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა შემდეგი ბენეფიციარი სამინისტროები და სამთავრობო უწყებები:
-
111.55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები
-
101.40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო
-
62.75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო
-
57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები
-
30.5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
-
25.07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები
-
19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
-
12.85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
10.5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
-
7.4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია
-
4.8 მილიონი ევრო – საქართველოს პარლამენტი
რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2019-2024 წლებში ევროკავშირის მიერ გაცემული 46.1 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული 47 პროექტი.
გამოყოფილი თანხის 2/3 მოხმარდა იმ პროექტებს, რომელთა მიზანი უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის დახმარება და მათთვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, მეწარმეობისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა, სოციალური სერვისების უზრუნველყოფა, თემის განვითარება, კულტურის სფეროს განვითარება, გარემოს დაცვა და სხვა. ხოლო გამოყოფილი თანხის 1/3-ით დაფინანსდა ის სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც სამთავრობო უწყებებზე მონიტორინგს ახორციელებენ და მათთან ადამიანის უფლებების, ევროკავშირის სტანდარტების მიღების, გენდერული თანასწორობისა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე თანამშრომლობენ.
-
ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო
-
დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო
-
ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო
-
უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო
-
კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო
-
ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო
-
დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო
-
გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო
-
საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო
-
იურიდიული და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო
ევროკავშირის მიერ 2019-2024 წლებში კერძო სექტორისთვის გამოყოფილი დაფინანსება კი 6.1 მილიონ ევროს შეადგენს.





