არჩევნები 2024

ენმ მთავარი ოპოზიციური ძალა აღარ უნდა იყოს, მისი შეკავება უნდა შეგვეძლოს – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ისაუბრა და თქვა, რომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათ ძირითად პოლიტიკურ სტრატეგიას იზიარებენ და სურთ, რესპუბლიკა როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისევე დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ოლიგარქიული გავლენებისგან დაიცვან. 

"ჩვენ თვითონ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, აზრები გავცვალოთ და საუბარი დავიწყოთ იმ ძალებთან, რომლებიც მზად არიან, თავისუფალი და უსაფრთხო რესპუბლიკის იდეა დაიცვან ოლიგარქიული დღის წესრიგისგან, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიისგან, არამედ იმ ოლიგარქიული სიმახინჯისგან, რასაც ჩვენ ნაციონალურ მოძრაობაში და მის სატელიტებში ვხედავთ, კეზერაშვილ-სააკაშვილის სისტემის სახით". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილმა  ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლანდელი პოლიტიკური ბრძოლა ფასეულობათა ბრძოლაა და მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს პოლიტიკური პოზიციების დეტალების შესახებ ინფორმაცია სწორად მიაწოდონ. მისივე თქმით, ოლიგარქიის წინააღმდეგ წასვლა მთავარ ოპოზიციურ პარტიის, ენმ-ს შემთხვევაშიც არის საჭირო.

"იმ გუნდს, ევროპულ საქართველოს, რომელსაც მე წარმოვადგენ, მიგვაჩნია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის ფასეულობათა ბრძოლაში - ფასეულობათა ბრძოლაში ოლიგარქიასთან, ფასეულობათა ბრძოლაში ავტოკრატიასთან, ჩრდილოვან მართვასთან, რუსული ტიპის, აი, ცენტრალიზებულ, ზემოდან ქვემოთ მართვასთან და იმისთვის, რომ ეს ფასეულობათა ბრძოლა მოვიგოთ, გვჭირდება ძალიან ცხადი გავხადოთ ამ საინფორმაციო ნიაღვარში ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქართველი ხალხისთვის, რას ვიცავთ, რისგან ვიცავთ და როგორ ვიცავთ.

ყველა გაცხადებულად და დეკლარირებულად თითქოს ასე საუბრობს, რომ  ვიცავთ თავისუფალი, ევროპული რესპუბლიკის იდეას ივანიშვილის ოლიგარქიისგან. იმისთვის, რომ ადამიანებმა ეს  დაგვიჯერონ, ჩვენ გვჭირდება, რომ ეს იდეა დავიცვათ, მათ შორის, იმ სიმახინჯისგან, რასაც დღეს მთავარ ოპოზიციურ ძალაში ვხედავთ და რისკენაც ეს პროცესი დიდი ხანია მოდიოდა.

როგორც ივანიშვილი ცვლის პრემიერებს, ზუსტად ისე ცვლის ნაცმოძრაობა თავის თავმჯდომარეებს, ანუ, ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება - ჩრდილოვანი გადაწყვეტილებები, როცა რეალურად ვიღაცას ელაპარაკები, მაგრამ მათ ნაცვლად უკან ვიღაც წყვეტს. ეს არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ პოლარიზაცია ივანიშვილის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის არის სასარგებლო.

"ივანიშვილის თამაში არის პოლარზიაცია. მას სჭირდება პოლარიზაცია იმისთვის, რომ გაიმარჯვოს... სწორედ ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინც არ უნდა იყოს, ხაზარაძეა თუ გახარიაა, ყველა "ნაცია"... და ამიტომ შენ ეს არ უნდა აცადო, ეს მისი თამაშია. ამას გარდა, ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლება და პიროვნების კულტზე აგებული ერთი სისტემის მეორეთი ჩანაცვლება, არამედ ევროპული რესპუბლიკა.

ახლა ქუჩაში ეს ხალხი ხომ ვნახეთ, ეს პროტესტი და ყველა, ამ ხალხს უნდა ევროპული რესპუბლიკა, შესაბამისად, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და ასე ვთვლი ახლა კი არა, 2020 წელს რომ გახსნა და ტაბულაში ჩემი სტატიები წაიკითხო, იგივეს წაიკითხავ, რომ ჩვენ გვჭირდება, იმისთვის, რომ ივანიშვილს იოლად მოვუგოთ, რომ ქართველი ამომრჩეველი ხედავდეს, რომ ნაცმოძრაობა არ არის მთავარი ალტერნატივა". - თქვა ჩერგოლეიშვილმა. 

კითხვაზე, ისახავს თუ არა ევროპული საქართველო როგორც ქართული ოცნების, ისე ენმ-ს დამარცხებას, ჩერგოლეიშვილმა უპასუხა, რომ ხმები ენმ-მაც უნდა აიღოს, მაგრამ აღარ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელსაც "ყველაფერი გასდის".

"ნაციონალურმა მოძრაობამაც ხმები უნდა აიღოს, მაგრამ ეს აღარ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა... წონა უნდა ჰქონდეს შესაბამისი, რომ ჩვენ მისი შეკავება შევძლოთ და თავკომბალა არ იყოს, რომელსაც ყველაფერი გასდის იმიტომ, რომ ყველაზე დიდია...". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ნათქვამზე, რომ პოლიტიკური "გრავიტაციის ცენტრში" ევროპული საქართველოსაც მოიაზრებს, ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ მთავარი არხის ეთერში ევროპული საქართველოს დაბლოკვა და შემდგომ მისი პარტნიორობის განხილვა "დამაჯერებელი არ გამოდის".

"იცით, სიახლე როცა გვექნება, გეტყვით იმიტომ, რომ მე არ მიყვარს ტელევიზიით გადაძახილ-გადმოძახილები. კი ბატონო, გვარამიასთან ერთიან სიაზე ჩვენი პოზიციები ერთამენთს ემთხვევა, მაგრამ შენს პარტნიორად მოიაზრებდე ადამიანს, რომლის დღის წესრიგიც შენს ტელევიზიაში დაბლოკილია, ეს დამაჯერებელი არ გამოდის, რეალურად.

ჩემი დღის წესრიგი თუ შენს ეთერში იმდენად მიუღებელია, რომ ბლოკავ, ანუ ამომრჩეველს არ აძლევ შესაძლებლობას, რომ ეს დღის წესრიგი დაინახოს, ვინ უნდა დაგიჯეროს?

ჩვენი პროცენტების მისაკუთრება შეიძლება ყველას უნდოდეს იმიტომ, რომ არსებობს ეს პროცენტები, თავისი თვალით ნახეს, ლამის თავის კვლევაში ნახეს, თვითონ ასახელებენ ამ კვლევას, როგორც ავტორიტეტულ კვლევას, ენდობიან ესე იგი და თვითონ ნახეს ეს რიცხვები. გასაგებია, რომ შეიძლება რიცხვები გინდოდეს, მაგრამ სამართლიანი თამაშის წესებსაც უნდა აღიარებდე და იმ მარტივ ლოგიკას უნდა აღიარებდე, რომ ჩვენი დღის წესრიგი არ უნდა იყოს მიუღებელი შენთვის". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილმა დაამატა, რომ მთავარი არხი სააკაშვილის კრიტიკას ვერ ახერხებს და ამიტომ რეალურად მას უტოლდება.

"შენ თუ იმას ვერ ახერხებ, რომ მიშას კრიტიკა შენი ტელევიზიიდან ისმოდეს, მაშინ მიშა ხარ, მიშა გადაგყლაპავს, მაშინ მძევალი ხარ". - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა

ჟურნალისტის შენიშვნის საპასუხოდ, რომ ახალსა და ენმ-ს შორის დაპირისპირება გარდაუვალია, ჩერგოლეიშვილმა კეზერაშვილის შესაძლო სტრატეგია განმარტა და თქვა, რომ ფორმალურ დაყოფებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ერთიან სიას ვერ მიაღწევს, კეზერაშვილი სავარაუდოდ გეგმავს, რომ თავისი გავლენა სხვადასხვა პარტიებში გადაანაწილოს.

"მნიშვნელობა არა აქვს... მე ხომ მეტი ვიცი შიდა სამზარეულოზე, ეს ჩხუბი შეიძლება ატყდეს, ჩვენ შორისაც იყო ჩხუბი, მაგრამ მერე წავიდა გიგი უგულავა და მშვენივრად ჩაეხუტა ჰელსინკიში, ანუ მე მეტი მაქვს გამოცდილი, უკეთესად ვიცი, რას ვუფრთხოდე. კეზერაშვილმა პროპოციული არჩევნები იცით, როგორ გაიგო? თუ ერთიანი სია არ გამოუვა, რომელზეც კონტროლი ექნება, მერე ყველა ძალაში თავისი კვერცხები ექნება ჩადებული იმისთვის, რომ რომელმა ძალამაც არ უნდა მოიგოს, თავისი ოლიგარქიული გავლენა ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ძალიან მკაფიო პრინციპები გვაქვს, ზუსტად ვიცით, როგორ დავაზღვიოთ ჩვენი ამომრჩეველი მოტყუებისგან...". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ლელოს, ახალის, დროა!-ს, გირჩისა და ევროპული საქართველოს "ერთ ცენტრად" შეკვრის პერსპექტივა, ჩერგოლეიშვილი პასუხობს, რომ ამისთვის ისინი ყოველგვარ ოლიგარქიულ გავლენას უნდა გაემიჯნონ. მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ უკვე ცხადად გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთიან სიაში მონაწილეობის მიღება არ სურს.

"პერსპექტივა იდგება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - ეს ხალხი უნდა გაემიჯნოს როგორც სააკაშვილ-კეზერაშვილის ოლიგარქიას, ისე ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიას". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ეს პარტიები ენმ-ს ფორმალურად არ უერთდებიან, კეზერაშვილის გავლენის არარსებობაზე არ მიუთითებს.

"ეს არაფერს არ ნიშნავს, 2020-ის არჩევნებში მე ვიცი რაც ხდებოდა და კეზერაშვილის გავლენა რამდენ პარტიაში იყო გადანაწილებული და რა მოხდა მერე. [...] გახადონ ცხადი, რას იცავენ და რისგან იცავენ, ამის გარეშე ჩვენ ფასეულობების ომს ვერ მოვიგებთ". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები