უნგრეთი-რუსეთი

ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაციას უნგრული საინფორმაციო სააგენტო MTI ავრცელებს. 

"სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება". - ციტირებს MTI ორბანის პრესმდივნის ბერტალან ჰავაშის სიტყვებს.

უნგრეთის პრემიერმინისტრი X-ზე მოსკოვის აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს სათაურით "სამშვიდობო მისია გრძელდება. შემდეგი გაჩერება: მოსკოვი". 

აქამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ინფორმაცია ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ, 4 ივლისს გავრცელდა


მიმდინარე წლის 1 ივლისს უნგრეთმა ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, რის გამოც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე გამოეხმაურა.

"ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობა ევროკავშირის სახელით რუსეთთან ურთიერთობის მანდატს არ მოიცავს. ევროპული საბჭოს პოზიცია ნათელია: რუსეთი აგრესორია, უკრაინა კი მსხვერპლი. უკრაინაზე დისკუსია უკრაინის ჩართულობის გარეშე დაუშვებელია".  - წერს მიშელი X-ზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს,  RFE/RL-ს უთხრა, რომ ორბანს ვიზიტთან დაკავშირებით არავინ გაუფრთხილებია. მისივე თქმით, გაფრთხილების შემთხვევაში შარლ მიშელი ამ ვიზიტის მკაცრად წინააღმდეგი იქნებოდა.

კომენტარები