უნგრეთი-რუსეთი

RFE/RL: ორბანი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება

RFE/RL

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 5 ივლისს, უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უნგრულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით RFE/RL ავრცელებს.

სამთავრობო წყაროს ცნობით, ორბანი რუსეთში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თანხლებით ჩავა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ, სიიარტო მოსკოვს ხუთზე მეტჯერ ეწვია.

მიმდინარე წლის 1 ივლისს უნგრეთმა ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, რის გამოც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე გამოეხმაურა.

"ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობა ევროკავშირის სახელით რუსეთთან ურთიერთობის მანდატს არ მოიცავს. ევროპული საბჭოს პოზიცია ნათელია: რუსეთი აგრესორია, უკრაინა კი მსხვერპლი. უკრაინაზე დისკუსია უკრაინის ჩართულობის გარეშე დაუშვებელია".  - წერს მიშელი X-ზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს,  RFE/RL-ს უთხრა, რომ ორბანს ვიზიტთან დაკავშირებით არავინ გაუფრთხილებია. მისივე თქმით, გაფრთხილების შემთხვევაში შარლ მიშელი ამ ვიზიტის მკაცრად წინააღმდეგი იქნებოდა.

კომენტარები