აშშ

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს "ოფიციალური ქმედებებისთვის" იმუნიტეტი აქვს

Al Drago/Bloomberg

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 1-ელ ივლისს დაადგინა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი "ოფიციალური ქმედებებისთვის" სრული იმუნიტეტი აქვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჯონ რობერტსი გამოქვეყნებულ უმრავლესობის აზრში წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფლებამოსილია "სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი ჰქონდეს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მის დასკვნითი და გამომრიცხავი კონსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში იყო".

რობერტსის განმარტებით, ტრამპი ოფიციალური ქმედებებისთვის "პრეზუმფციულ იმუნიტეტს" ფლობს, თუმცა ეს იმუნიტეტი არაოფიციალურ ქმედებებზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ახლა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოუწევს დაადგინოს, ტრამპის რომელი ქმედება იყო ოფიციალური.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი უზენაესი სასამართლოს 6-მა კონსერვატორმა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო 3-მა უმრავლესობის აზრი არ გაიზიარა.

ამასთანავე, ამ გადაწყვეტილებით, ვაშინგტონში ტრამპის წინააღმდეგ არჩევნების დამხობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე კიდევ ერთხელ გადაიდება, რითაც ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სასამართლო პროცესის აღარ მოუწევს.

არჩევნების გადატრიალების მცდელობის საქმეზე დონალდ ტრამპს სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ოთხ ფედერალურ მძიმე დანაშაულზე წარუდგინა ბრალი. 2023 წლის პირველ აგვისტოს დიდმა ჟიურიმ იგი საქმეში სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა საქმე დროებით შეჩერებული იყო, რადგან უზენაეს სასამართლოს ტრამპის იმუნიტეტის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.

უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებას მალევე ტრამპი X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს "დიდი გამარჯვებაა". ხოლო აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპის იმუნიტეტზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "საშიშ პრეცედენტს" აწესებს.

"ახლა ამერიკელ ხალხს მოუწევს იმის გაკეთება, რისი გაკეთებისთვისაც [უზენაესი] სასამართლო უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ ასე არ მოიქცა". - თქვა ბაიდენმა, რაშიც მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა იგულისხმა.

კომენტარები