ირანი-ისრაელი

ლიბანში შეჭრის შემთხვევაში, ირანი ისრაელს "გამანადგურებელი ომით" ემუქრება

ირანის ელჩი გაეროში, ამირ საიდი
AP Photo/Bebeto Matthews

ირანი 28 ივნისს ისრაელს დაემუქრა, რომ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ "სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას" "გამანადგურებელი ომი" მოჰყვება.

გაეროში ირანის მისიამ X-ზე დაწერა, რომ ისრაელის მიერ ჰეზბოლასთან ომის დაწყების შემთხვევაში, "განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის, წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართულობა".

"მიუხედავად იმისა, რომ ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, ამას მოჰყვება გამანადგურებელი ომი. განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის, წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართულობა". - წერია გავრცელებულ ტექსტში.

ირანის მუქარა მოჰყვა, საზღვარზე ესკალაციის ფონზე, სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე ისრაელის საპასუხო თავდასხმას.

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაძაბულობა სტაბილურად მზარდია. Politico-სთვის ანონიმური ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახლა ომის რისკი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

19 ივნისს ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ისრაელში "არცერთი ადგილი" არ იქნება დაცული დაჯგუფების იარაღისგან და დასძინა, რომ ჰეზბოლა იბრძოლებს "წესების გარეშე" და "ჭერის გარეშე".

ირანის "წინააღმდეგობის ღერძმა", რომელშიც შედიან ტერორისტული დაჯგუფებები - ჰეზბოლა, ჰამასი, იემენელი ჰუსიტები და სხვა ჯგუფები სირიასა და ერაყში, ისრაელი განსაკუთრებულ სამიზნედ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აქცია.

კომენტარები