ევროკავშირი

POLITICO: ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელახლა წარადგენენ

ევროკავშირის ლიდერები ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელახლა წარადგენენ. ამასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ნომინაცია კაია კალასს ერგო, ხოლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ანტონიო კოსტა იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს ევროკავშირის ექვს ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით წერს.

სამი ძირითადი ცენტრისტული პოლიტიკური გუნდის ექვსი წარმომადგენელი ფონ დერ ლაიენის, კოსტასა და კალასის ნომინაციებზე შეთანხმდა. დღეს, 28 ივნისს, ამ გადაწყვეტილებას მხარი სხვა ლიდერებმაც დაუჭირეს.

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯა მელონიმ კოსტასა და კალასის ნომინაციიების წინააღმდეგ ხმა მისცა, ხოლო ფონ დერ ლაიენის ნომინაციის შემთხვევაში ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

მანამდე, მელონიმ უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან მისი პოლიტიკური გუნდის მიერ ევროპარლამენტის არჩევნებზე მიღწეული შედეგის მიუხედავად მოლაპარაკებების მიღმა დარჩა.

თანამდებობაზე დანიშვნამდე, ფონ დერ ლაიენის ნომინაცია ევროპარლამენტს უნდა წარედგინოს.

კომენტარები