ამინდის პროგნოზი

112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს

112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს. მოქალაქეებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს.

"გაცნობებთ, რომ 26 ივნისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერია შეტყობინებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძალიან ძლიერი წვიმა და ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

"26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)". - წერს სააგენტო.

კომენტარები