რელიგია რუსეთში

რუსეთმა იეჰოვას მოწმეებს "ექსტრემიზმისთვის" ამ დრომდე ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი დაუწესა

მარცხნიდან მარჯვნივ: ტატიანა და ვიტალი ჟუკები, სვეტლანა სედოვა, ნიკოლაი პოლევოდოვი, მაია კარპუშკინა, სტანისლავ კიმი. 2024 წლის მაისი.
https://jw-russia.org/

ნიუ-იორკში დაფუძნებული იეჰოვას რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლის, ჯაროდ ლოპესის ცნობით, რუსეთის სასამართლომ იეჰოვას სამ მოწმეს "ექსტრემისტული საქმიანობისთვის" პატიმრობა მიუსაჯა, რაც დევნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სასჯელია. 

ლოპესის ინფორმაციით, იეჰოვას რელიგიური ჯგუფის წევრებს, ნიკოლაი პოლევოდოვს რვა წელი და ექვსი თვე, ვიტალი ჟუკს რვა წელი და ოთხი თვე და სტანისლავ კიმს რვა წელი და ორი თვე მიესაჯათ. ამასთანავე, ჯგუფის სამ წევრ ქალს პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს: ჟუკის მეუღლეს ტატიანას - 5, სვეტლანა სედოვას - 5 და მაია კარპუშკინას - 4 წელი.

ლოპესის თქმით, განაჩენი 2018 წელს 50 იეჰოვას მოწმის მიერ კაფეში  სოციალურ ღონისძიებაზე დასწრებისას მომხდარი დარბევის საქმეზე გამოიტანეს.

"სასამართლოს პროცესის დროს განხილული ყველა ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ მე არ მდევნიან რეალური დანაშაულისთვის, არამედ ჩემი რელიგიური შეხედულებების გამო. პროკურატურა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მე დანაშაული ჩავიდინე". - ციტირებს ლოპესი ერთ-ერთი მსჯავრდადებულის, ნიკოლაი პოლევოდოვის სიტყვებს.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები "ექსტრემისტებად" 2017 წელს გამოაცხადა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით რელიგიური ჯგუფის დაახლოებით 400-მდე ფილიალი აიკრძალა და გაუქმდა.

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული ჯგუფებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები