გავრცელებული ინფორმაციით, Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფო მას შემდეგ დატოვა, რაც აშშ-ს ხელისუფლებასთან საპროცესო გარიგება დადო, რომლის ფარგლებშიც მან დანაშაული აღიარა და შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდება.
აშშ-ში ასანჟს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებასა და გასაჯაროებაში შეთქმულება ედებოდა ბრალად. ბრალდების მხარის მტკიცებით, Wikileaks-ის მიერ გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა, რომლებითაც ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაცია გასაჯაროვდა - ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
გარიგების ფარგლებში, ასანჟმა დანაშაული აღიარა, რის გამოც მას 67 თვით პატიმრობას მიუსჯიან, თუმცა, ვინაიდან ასანჟს ეს ვადა ბრიტანეთის ციხეში უკვე მოხდილი აქვს, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
გამოცემა CBS-ის ცნობით, დადებული გარიგებით, ასანჟს აშშ-ს პატიმრობაში დროის გატარება არ მოუწევს, ხოლო აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წერილის მიხედვით, ასანჟი ავსტრალიაში დაბრუნდება.
ამასთანავე, Wikileaks-მა X-ზე განაცხადა, რომ ასანჟმა 1901-დღიანი პატიმრობის შემდეგ ბელმარშის ციხე უკვე დატოვა და მისი თვითმფრინავი ბრიტანეთიდან ავსტრალიის მიმართულებით გაემგზავრა.
ამას გარდა, ჯულიანის ცოლმა, სტელა ასანჟმა X-ზე მის მხარდამჭერებს მრავალწლიანი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
ავსტრალიელი აქტივისტი, ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ში მას 18 ბრალი ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.
ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.





