WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გადაცემას ავსტრალია ითხოვს. ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზმა თქვა, რომ ასანჟი დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში უნდა გადაიყვანონ და არა აშშ-ში.
52 წლის ჯულიან ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა და მოქალაქეობაზე დაკავშირებული იურისდიქციის გამო ავსტრალია მის ექსტრადიციას ითხოვს.
"ხალხს სხვადასხვა ხედვა აქვს ასანჟის დანაშაულზე, თუმცა ამის მიუხედავად, ეს საქმე არ შეიძლება სულ ასე გაგრძელდეს" - თქვა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა.
ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის შესახებ საქმეს ლონდონის იუსტიციის უზენაესი სასამართლო შემდეგ კვირას განიხილავს.
ავსტრალიელი აქტივისტი, ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ში მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.
ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.