WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მამამ, ჯონ შიპტონმა, 20 ოქტომბერს РИА Новости-ის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ მადლიერება გამოხატა.
"თქვენი [რუსეთის] პრეზიდენტი პუტინი 2012 წელს პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელმაც დაიცვა ჯულიანის ინტერესები, როგორც გამომცემლისა და მოქალაქის იმ დროს, როდესაც ჯულიანი ყველა სახის ცრუ ბრალდებისა და ცილისწამების ადრესატი იყო, რომელთა გავრცელებაც სახელმწიფო ინსტიტუტებსა და აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში მათზე ჩამოკიდებულებს შეეძლოთ მის წინააღმდეგ". - განაცხადა ასანჟის მამამ.
შიპტონი, რომელიც ავსტრალიაში ახლა უკვე გაუქმებული ლიბერტარიანული პარტია WikiLeaks-ის თანადამფუძნებელია, რუსეთში BRICS-ის ეკონომიკური ალიანსის წლიურ სამიტზე იმყოფება.
ცნობისთვის, BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.
2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში ასევე ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც გაწევრიანდნენ.
მოგვიანებით, შიპტონის ინტერვიუს ჯულიანის ცოლი, სტელა ასანჟი X-ზე გამოეხმაურა:
"ჩემი მამამთილი, ჯონ შიპტონი, ჩემი ქმრის მაგივრად არ საუბრობს. როგორც ყველამ, ვინც ჯულიანს წარსულში თვალს ადევნებდა, იცის, ჯულიანს უკიდურესი სკეპტიციზმის სწამს, როდესაც საქმე დიდი ზომის სადაზვერვო სექტორის მქონე ყველა სახელმწიფოს ეხება, რომლებსაც ომის დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ცენზურაში იყვნენ ჩართული ან უცდიათ ჟურნალისტების დაკავება ან მოკვლა". - განაცხადა მან.
РИА Новости-თან ინტერვიუში შიპტონმა ასევე პრორუსი ლიდერები, მათ შორის უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და მისი სლოვაკი კოლეგა რობერტ ფიცო, შეაქო, რომლებიც მისი მტკიცებით, "ევროკავშირის წინააღმდეგ საკუთარი სახელმწიფოების ფასეულობისთვის იბრძვიან".
25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფო დატოვა მას შემდეგ, რაც მან აშშ-ს ხელისუფლებასთან საპროცესო გარიგება დადო, რომლის ფარგლებშიც მან დანაშაული აღიარა და შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.
აშშ-ში ასანჟს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებასა და გასაჯაროებაში შეთქმულება ედებოდა ბრალად. ბრალდების მხარის მტკიცებით, Wikileaks-ის მიერ გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა, რომლებითაც ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაცია გასაჯაროვდა - ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
გარიგების ფარგლებში, ასანჟმა დანაშაული აღიარა, რის გამოც მას 67 თვით პატიმრობას მიუსაჯეს, თუმცა, ვინაიდან ასანჟს ეს ვადა ბრიტანეთის ციხეში უკვე მოხდილი ჰქონდა, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ავსტრალიელი აქტივისტი, ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ში მას 18 ბრალი ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხაში ეხმარებოდა.
ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.





